საგარეჯოს 42-ე საარჩევნო უბანზე ხელჩართული ჩხუბი მოხდა

16 საათსა და 20 წუთზე საგარეჯოს ოლქის #42 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის და „კოალიცია ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდამჭერებმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები საარჩევნო აგიტაციაში დაადანაშაულეს და დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაახლოვებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სიტუაციის განმუხტვა თვითმხილველებმა მოახერხეს, _ იტყობინება „მრავალეროვანი საქართველო“.

ორგანიზაციის ცნობით, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურისათვის ხელი არ შეუშლია. ამ ეტაპზე ინციდენტი ბოლომდე აღმოფხვრილია და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

http://medianews.ge

| |