PMMG: საარჩევნო უბანზე აგიტაციის და პროვოკაციის მცდელობის 4 ფაქტი დაფიქსირდა

საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევენო პროცესებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა. მათ შორის საარჩევნო უბანზე აგიტაციის და პროვოკაციის მცდელობის ფაქტები.

“საარჩევნო პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლების მიერ ძირითადად მცირე რაოდენობის პროცედურული ხასიათის ხარვეზები იქნა გამოვლენილი, რომელთა უმრავლესობა ვერბალური გაფრთხილების საფუძველზე დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა. რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტებს, ძირითადად, „კოალიცია ქართული ოცნებისა” და „პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებს” შორის. თუმცა მსგავსი სახის ინციდენტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი არ შეუფერხებია,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

PMMG-ის ცნობით, აქტუალურად წარმოჩინდა ე.წ. კოორდინატორების საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსებით მობილიზების მანკიერი პრაქტიკაც, რაც თავისთავად ზრდიდა საარჩევნო უბანზე პროვოკაციის მოწყობის რისკს.

„მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლების მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის #11 საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე შემდეგი სახის პროცედურული ხასიათის ხარვეზები იქნა გამოვლენილი:

1. საარჩევნო უბანზე აგიტაციის და პროვოკაციის მცდელობის – 4 შემთხვევა #3, #38, #29, #46 საარჩევნო უბნებზე.

2. საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარა/ზეწოლის – 2 შემთხვევა #20 და #42 საარჩევნო უბნებზე.

3. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის და ხმის მიცემის პროცესის ხელის შეშლის მცდელობა – 1 შემთხვევა #29 საარჩევნო უბანზე.

4. უბნის არასათანადოდ მოწყობის -1 შემთხვევა #3 საარჩევნო უბანზე.

5. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების – 1 შემთხვევა #38 საარჩევნო უბანზე.

 

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო”(PMMG) 2015 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო შუალედურ არჩევნებს საგარეჯოს #11 მაჟორიტარულ ოლქში #23 საარჩევნო უბანზე 13 მობილური დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა. „მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს როგორც ქართულ, ასევე ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში უწევდნენ მონიტორინგს.

http://netgazeti.ge

 

| |