„მრავალეროვანი საქართველო“ დავით ოქიტაშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვს

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს დავით ოქიტაშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვს. საქმე ეხება ოქიტაშვილისა და კულტურის პალატის „ფეისბუქის“ გვერდებზე გამოქვეყნებულ სტატუსებს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა მიმართვა გაავრცელა.

„ბატონო დავით, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს თქვენს პირად „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსები, სადაც სომხური ეთნიკური იდენტობა მოხსენიებული იყო ნეგატიურ და დამამცირებელ კონტექსტში: „სურენჩიიკ ! ვარდს გაეფურჩქნა ქინძი!“ ასევე „ეს სურენჩიკა რა დღეშია, ვაი ჩვენს პატრონს, რომ ეს კიდევ ამდენს ბედავს...“

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG) მიიჩნევს, რომ თქვენს განცხადებებში სომხური ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ნიშნები იკვეთება. თქვენი განცხადებები დევს „საქართველოს კულტურის პალატის“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეც, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ სომხური ეთნიკური იდენტობა დამამცირებელი განსაზღვრების კონტექსტს ატარებს არამხოლოდ თქვენთვის, არამედ ორგანიზაციისთვისაც.

„მრავალეროვანი საქართველო“ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ, საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში სომხური ეთნიკური იდენტობის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია თავს ვალდებულად ჩათვლის რეაგირების თხოვნით მიმართოს „საქრთველოს კულტურის პალატის“ პარტნიორ ორგანიზაციებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

http://news.ge

http://www.ipress.ge

| |