ებრაელები

ებრაელები

ებრაელები სემიტური მოდგმის უძველესი ხალხის საერთო ეთნიკური სახელია. ამ ერის ფორმირებასა და ისტორიაში გადამწყვეტი როლი მონოთეისტურმა რელიგიამ — იუდაიზმმა შეასრულა. ებრაელები სახლობენ სხვადასხვა ქვეყანაში და ჩაბმულნი არინ მათი მოსახლეობის საერთო ეკონომიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. 1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტი-ლებით შეიქმნა ებრაელთა სახელმწიფო ისრაელი, რომლის ოფიციალური ენაა ივრითი, რაც ებრაულ ენას ნიშნავს.

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 4 ათასი ებრაელი ცხოვრობს. მათი ძირითადი რაოდე-ნობა წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, რუსთავში, ახალციხეში. სოფლები კი ებრაელებისაგან თითქმის მთლიანად დაიცალა. სინაგოგები მოქმედებს თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, ონში, ახალციხესა და სურამში. საქართველოში მცხოვრები ებრაელები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან: 1. ქართველი ებრაელები (სეფარადები, დაახლ. 80%) და 2. ევროპელი ებრაელები (აშკენაზები).

ისტორიული ნარკვევი

ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ებრაელთა საქართველოში მოსვლას ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებასა და იავარქმნას უკავშირებს (ძვ. წ. 586 წ.). იეჰუდას სახელმწიფოდან ებრაელებს საქართველომდე მოუღწევიათ, მცხეთაში მისი მამასახლისისგან ხარკით მიწები აუღიათ და ძველი დედაქალაქის გარეუბანში, ზანავში, დასახლებულან. მომდევნო პერიოდში საქართველოში დევნილ ებრაელთა კიდევ რამდენიმე ნაკადი შემოდის. მეორე ტალ-ღა ახ. წ. I საუკუნეში რომაელი კეისრის იულიუს ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დარბევის შემდეგ (ახ. წ. 70 წ.) გამოჩნდა. «მოქცევაჲ ქართლისაჲზე» დაყრდნობით, ზოგი ვარაუდობს, რომ ებრაელთა ერთი ტალღა საქართველოში ძვ. წ. 169 წელს, ბარ-კოხბას აჯანყების დამარცხების შემდეგ, შემოვიდა. IV საუკუნეში მცხეთის გარდა, ებრაელებს ვხედავთ ურბნისსა და ბოდბეში, კოდისწყაროსა და ხობისში. VI საუკუ-ნისათვის ისრაელიანთა კიდევ ერთი ჯგუფი, ბიზანტიიდან დაძრული, ჯერ დასავლეთ, ხოლო მოგვიანებით, აღმოსავლეთ საქართველოში მკვიდრდება. ვარა-უდობენ, რომ აქ X საუკუნეში, ხაზართა სამეფოს დაცემის შემდეგ, სლავი ტომებისგან დევნილი ხაზარი ებრაელების ერთი ნაწილიც დაბინავდა. XIX საუკუნის დამდეგს თურქეთიდან არამეელი ებრაელები (ლახლუხები) შემოსულან. ამავე პერიოდში ებრაელები ირანიდან და ერაყიდანაც გადმოდიან. ევროპელი ებრაელები (აშკენა-ზები) აქ პირველად 1804 წლიდან გამოჩნდნენ.

აღსანიშნავია, რომ IV საუკუნეში რამდენიმე უბნად დაყოფილ ქალაქ მცხეთის იმ ნაწილს, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ, «უბანი ჰურიათა» ეწოდებოდა. აქ მათ ძველთაგანვე ჰქონდათ თავიანთი რელიგიური ცენტრები, ე.წ. «ბაგინი ჰურიათა», ანუ ბეით-ქნესეთები (სინაგოგები) იყო.

მემატიანენი მიუთითებენ, რომ ქართლის იმდროინდელ მოსახლეობაში თანაბარი უფლებით გავრცელებულ ექვს ენას შორის ებრაულიც ყოფილა, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს ებრაელობამ ადრევე შეითვისა ქართული ენა და იმთავითვე ეზიარა ქართულ ადათ-წესებსა და ზნე-ჩვეულებებს. «მოქცევაჲ ქართლი-საში» ხაზგასმულია იერუსალიმისა და ებრაელთა განსაკუთრებული როლი საქართველოში მონოთეიზმის იდეის გავრცელებისა და საქართველოს გაქრისტი-ანების საქმეში. «მოქცევაი ქართლისაის» მიხედვით, მცხეთელი ებრაელი ქალი სიდონია ქართული ეკლესიის პირველი წმინდანია, ხოლო ქართველი ებრაელი ელიოზ მცხეთელი — ქრისტეს კვართის ჩამომტანი საქართველოში. ამავე ქრონიკაში ნათქვამია: ქალწულმა ნინომ, როდესაც ქართლში მოვიდა, პირველად ებრაელთა სინაგოგას, ბაგინად წოდებულს, მიაკითხა, რადგან მათი ენა, არამეული, იცოდა. იგი იქ რამდენიმე ხანს დარჩა და ამ ქვეყნის «ძალს განიცდიდა». ეს ნიშნავს: იუდეველები უკვე ისე იყვნენ ქართულ სინამდვილეში ინტეგრირებულნი, რომ უცხოელს, მათთან სტუმრად მყოფს, ამ სინამდვილის ობიექტურად აღქმა შეეძლო.

VIII-IX საუუნეებში რაბინულ-თალმუდისტურ და ყარაიმულ მიმდინარეობათა დაპირისპირებამ საქართველოს ებრაულ მოსახლეობაშიც პოვა გამოძახილი. IX სა-უკუნეში საქართველო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ხაზართა სამეფოს ესაზღვრებოდა, რომლის ელიტამაც, როგორც ჩანს, VIII საუკუნის 40-იან წლებში მიიღო იუდაიზმი. საქართველოში იუდაიზმის გავრცელებაში ყარაიმული მიმართულების ხაზართა წვლილზე ზუსტი ცნობები არ შემორჩენილა, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ X საუკუნის შუა ხანებში ხისდან იბნ შაფრუთს ხაზართა მეფეს-თან საქართველოს გავლით უნდოდა წერილი გაეგზავნა. ამასთანავე, გა-სათვალისწინებელია ისიც, რომ IX საუკუნის მიწურულს საქართველოში იუდაისტუ-რი ჯგუფი წარმოიქმნა, რომელიც ჰალახის ზოგიერთ პუნქტს უარყოფდა, მათ შორის სქესობრივ ცხოვრებასთან და საკვების აკრძალავასთან დაკავშირებულ დებულებებს. ჯგუფის დამფუძნებელი აბუ-იმრან მუსა (მოშე) თბილისში ბაბილონიდან ჩამოსულა. მისი მიმდევრების რელიგიური თემი, რომელმაც 300 წელზე ოდნავ ნაკლები იარსება, ებრაულ წყაროებში «თბილისურ სექტად» არის მოიხსენიებული. მკაფიოდ ერთი შეიძლება ითქვას: საბოლოოდ ქართველი ებრაელები თალმუდისტური იუდაიზმის ერთგულნი დარჩნენ.

ადრე შუა საუკუნეებში საქართველოში მცხოვრები ებრაელები, როგორც ჩანს, ძირითადად, ირანის ებრაულ თემთან იყვნენ დაკავშირებული, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთის ებრაელთა რელიგიურ ცენტრთან, ბაღდადთან, ინარჩუნებდნენ ურთიერთობას. ბენიამინ ტუდელი XII საუკუნის 70-იან წლებში წერდა: საქართველოდან ებრაელები ჩამოდიან ხოლმე ბაბილონში, ექსილარხთან, «რათა მისგან ხელდასხმა და მფარველობა მიიღონ და მისთვის ძღვენიც მოაქვთ».

რეგენსბურგელი პთახის სამგზავრო ჩანაწერებიდან (XII ს.) შეიძლება დავასკვნათ, რომ «არარატის მხარის» (ანუ ამიერკავკასიის) ებრაელთა ნაწილი იმ დროისთვის სხვა ქვეყნებში გადასულა. ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ბაღდადში ყოფნისას მან «თა-ვისი თვალით» იხილა «მეშეხთა მიწის» მთავრის მიერ წარმოგზავნილნი, რომელთაც უთქვამთ, რომ «მეშეხთა მთავარი და მთელი მათი მიწა გაებრაელდა». იგი აღნიშნავს, რომ მეშეხთა შორის იპოვებიან მოძღვრები, რომლებიც «მათ (მეშეხებს) და მათ შვილებს თორასა და იერუსალიმურ თალმუდს» ასწავლიან. საეჭვოა «მეშეხებში» პთახი მესხებს გულისხმობდეს, რადგან პარალელურ წყაროებში არ მოიპოვება მტკი-ცებულება, რომ მესხობა ან თუნდაც მისი ნაწილი იუდაიზმს ეზიარა.

მარკო პოლო, თბილისში იმ დროს შემოვიდა (1272 წელს), როცა ქალაქი მონღოლების უღელქვეშ იყო მოქცეული. ცნობილი მოგზაური გადმოგვცემს, რომ ის აქ ებრაელთა ერთობ მცირერიცხოვან ჯგუფს შეხვდა. ამ დროისთვის ებრაელების ნაწილი მონ-ღოლთა მიერ დაპყრობილ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოდან უფრო თავისუფალ დასავლეთ საქართველოში გადასულა და იქ ახალი თემები ჩამო-უყალიბებია.

XIV საუკუნეში ებრაული თემი მომძლავრებულა ქალაქ გაგრაში, რაბი იოსებ თბილისელის თაოსნობით. ამ პერიოდში გაგრაში ცხოვრობდა სწავლული ფილოლო-გი რაბი იეჰუდა ბენ იაკობიც, ავტორი (ან უფრო გადამწერი) ებრაული გრამატიკისა, რომელსაც ყარაიმული გრამატიკული სკოლის გავლენა ეტყობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მონღოლების ზეწოლის გამო, ებრაელების ნაწილი აღმოსავლეთ და სამხრეთ სა-ქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლდა. XIV საუკუნის დამდეგს ქალაქ თავრიზში (თებრიზ, ჩრდილო-დასავლეთ ირანი) მოღვაწეობს იუდაიზმის კანონების მცოდნე იეშაიაჰუ ბენ იოსებ თბილისელი, რომელსაც 1330 წელს «სეფერ გან ედენ» («სამოთხის წიგნი») დაუწერია.

ქართველმა ებრაელებმა საქართველოში დღემდე შემოინახეს ისეთი უნიკალური ძეგლი, როგორიცაა ტყავზე დაწერილი, მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერად აღიარებული თორა, რომელიც «ლაილაშის ბიბლიის» სახელწოდებითაა ცნობილი. XII საუკუნეში (1131 წ.) სალონიკში (საბერძნეთში) მაღალმხატვრულად, ლამაზი ორნამენტით შესრულებული ეს ძეგლი საუკუნეთა განმავლობაში ინახებოდა ლაი-ლაშის სინაგოგაში. მას სვანურ ბიბლიასაც უწოდებენ და არაერთი ლეგენდით ამკობენ ქრისტიანები თუ იუდაისტები. ჩვენამდე მოაღწია, აგრეთვე, ე.წ. ბრეთის, ანუ ავალიანთ (ავალიშვილების) ბიბლიამ (დაწერილია ქ. სალონიკში, 1513 წ., სულთან სელიმ I-ის მეფობის დროს, იეჰუდა გედალიას ოჯახში, ვინმე ყაზრიელის მიერ).

გვიანფეოდალურ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოში ებრაელთა ძირითად სამოსახლო პუნქტებს წარმოადგენდა: სურამი, ახალდაბა, ალი, ბაზალეთი, არაგ-ვისპირი, ცხინვალი, ატენი, თამარაშენი, ძეგვი, ზანავი, ხერკი, მეტეხი, კასპი, მუხრანი, კავთისხევი და მთელი ტერიტორია არაგვისა და მტკვრის შეყოლებით, სამცხე-ჯავახეთში — ფანასკერტი, არტანუჯი, ახალქალაქი, ახალციხე; კახეთსა და ქიზიყში — ბოდბისხევი, ზემო ხოდაშენი, ველისციხე, ურიათუბანი, საგარეჯო, და-სავლეთ საქართველოში: იმერეთში — ქუთაისი, ვანი, კულაში, სამეგრელოში — ფოთი, ბანძა, სენაკი, რაჭა-ლეჩხუმში — ონი, ლაილაში, ხოტევი, გურიაში — ოზურ-გეთი.

ებრაელთა ეპიგრაფიკული ძეგლები ებრაულ და არამეულ ენებზე (III-IV სს.) აღმოჩენილია ურბნისსა და მცხეთაში, მაგრამ, გვიანფეოდალურ ხანაში ისინი აღარ ჩანან. ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის განსახლების ადგილებში შემორჩა მხოლოდ ტოპონიმები («უბანი ურიათა», «ურიათუბანი», «ნაურიები», «ურია»).

XIX საუკუნის დამდეგს საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, ებრაელთა მდგომარეობა გაუარესდა, რადგან რუსეთმა უმი-წაწყლოდ დარჩენილი ებრაელები კანონგარეშე გამოაცხადა. არსებობის შესანარჩუნებლად მიწის მუშა-ებრაელი იძულებული გახდა წვრილმანი ვაჭრობისათვის მიეყო ხელი და კარდაკარ სიარულით მოეპოვებინა საზრდო. ეს კი იმის საბაბი გახდა, რომ შექმნილიყო მეწვრილმანე ებრაელის სტერეოტიპი, რომელსაც თითქოს ბუნებით მოსდგამდა მისწრაფება ამ საქმიანობისადმი. ეთნოგ-რაფიული მონაცემები კი ქართველ ებრაელს წარმოგვიდგენენ როგორც დიდი სამეურნეო ცოდნა-გამოცდილებით აღჭურვილ მიწისმოქმედს, რომელშიც შერწყ-მულია ძირძველი ადგილობრივი — ქართული — და ბიბლიური საყოფაცხოვრებო ცოდნა.

სოციალური მდგომარეობა და სამეურნეო ყოფა

ფეოდალურ საქართველოში ებრაელობა (კუთვნილების თვალსაზრისით) სამეფო-სადედოფლოდ, საეკლესიო-სამონასტროდ, სათავადაზნაუროდ იყოფოდა. ებრაე-ლები სამეგრელოში დადიანებს ეკუთვნოდნენ, ქართლში — ციციშვილებს, ავალიშვილებს, ფალავანდიშვილებს. ებრაელების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმა-დიდებელი ეკლესიის ყმები იყვნენ, რაც, გარკვეულწილად, უნიკალურ მოვლენას წარმოადგენდა.

«ყმა-ებრაელი» მიწას ამუშავებდა, ვენახს, ხეხილს აშენებდა, პურეული მოჰყავდა, ხელოსნობასა და აღებ-მიცემობას მისდევდა. ებრაელები მეფეს, ეკლესიასა თუ ფეოდალს (ბატონს) «თეთრით» უსწორდებოდნენ, გადასახადს სოფლის მეურნეობის პროდუქტითა და ბეგარით იხდიდნენ. ფეოდალიზმის ხანაში ქართველ ებრაელთა უფლებრივი მდგომარეობა ქართველი მოსახლეობის ანალოგიური იყო. ებრაელები ყველა იმ იურიდიული უფლებით სარ-გებლობდნენ, რითაც — ქრისტიანული მოსახლეობა. ქართული სამართლის ნორმები ისევე იცავდა ებრაელის საკუთრებას, როგორც ქართველებისას. მათ სრული უფლება ჰქონდათ შეეძინათ და გაესხვისებინათ უძრავი ქონება.

საუკუნეების განმავლობაში ებრაელებმა გაითავისეს ქართველებისთვის დამახასიათებელი ურთიერთობის ფორმები და ყოფითი კულტურის ელემენტები. ქართველებთან მათი ახლო კონტაქტები აისახა ქართულ ონომასტიკაშიც — ადა-მიანთა საკუთარ სახელებსა და გვარებში. ებრაელთა გვარების წარმოქმნა საერთო ქართულ პრინციპებს ემორჩილება და ოდითგანვე ყალიბდება «ძე»-ზე და «შვილ»-ზე დამთავრებული გვარები: ბათიაშვილი, ბერიკაშვილი, ბერიძე, დავითაშვილი, ია-კობაშვილი, მაღალაშვილი, პაატაშვილი, მეგრელიშვილი, სიმონიშვილი და ა.შ.

ქართველი ებრაელები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წარსულ საუკუნეებში საქართველოს დესპანებად წარგზავნილი ებრაელები (მაგ., დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი) აქტიურ მონაწილე-ობას იღებდნენ სამეფო კარის ცხოვრებასა და ქვეყნის პოლიტიკური კურსის შემუ-შავებაში. ებრაელები უახლოეს წარსულში, კერძოდ 1918 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის ფორმირებაშიც მონაწილეობდნენ: პირველ ქართველ პარლამენტართა შორის აბრამ ბუზიაშვილი და მოსე დავარაშვილიც იყვნენ. საუკუნეების განმავლობაში ებრაელები ქართველების მხარდამხარ იბრძოდ-ნენ მოძალებული მტრის მოგერიებისა თუ ქვეყნის განთავისუფლებისათვის. ცნობი-ლია ახალციხელი ებრაელების საგმირო საქმეები თურქეთის შემოტევისას 1918-20 წლებში. ისტორიამ შემოინახა არაერთი სახელი იმ ებრაელებისა, რომელთაც თავი დადეს საქართველოსთვის.

თემის სტრუქტურა და საცხოვრებლის ტიპი

საუკუნოვანმა მშვიდობიანმა თანაცხოვრებამ შექმნა ქართველი ებრაელის ფენომენი. იგი სიმბოლურად ორი ერის შვილია: ქართულ მიწას ამუშავებს, ქართულად მეტ-ყველებს, ქართულ სახლს აშენებს და, ამავე დროს, მტკიცედ იცავს რელიგიური ცხოვრების წესს.

ებრაელთა მშობლიური ენა, ბიბლიის ენა — ივრითი, განაგრძობდა არსებობას სწავლულ რაბინთა — იუდაიზმის ერთგულთა წრეებში (ისტორიამ შემოგვინახა სახელები თორისა და რწმენის უერთგულესი პიროვნებებისა). ამ ენაზე სრულ-დებოდა ღვთისმსახურება ებრაულ სალოცავებში. ბეით ქნესეთი და მისი ეზო ყველა ჭირთათმენისა და სიხარულის ადგილი იყო ებრაელთათვის. ჯამაათის ზრდასთან ერთად ქალაქებსა თუ სხვა სახის დასახლებებში მატულობდა სალოცავების რიცხვიც. საქართველოს ებრაელობა ამაყობს თავისი დიდი თალმიდ-ხახმებითა და რაბინებით, რომელნიც თორის ღრმა ცოდნითა და ტრადიციებისადმი ერთგულებით სულიერად აპურებდნენ ჯამაათს. სწორედ მათმა მოღვაწეობამ (ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც) დღემდე შემოუნახა საქართველოს ებრაელებს რწმენა, რაშიც მათდამი ქართველი ხალხის ტოლერანტობასაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტა-ნილი.

ბატონყმური ურთიერთობებიდან თავისუფალ მდგომარეობაზე გადასვლამ და ურბანიზაციის პროცესმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ქართული ებრაული თემის სტრუქტურა. ქართული ეთნოგრაფიული მონაცემებით ცნობილია, რომ სა-ქართველოს ამა თუ იმ რეგიონის კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებს დასახლების გარკვეული ფორმა და საცხოვრებელი ნაგებობა შეესაბამებოდა. გეოგრაფიული პირობების გარდა, უბნურ დასახლებას ებრაელთა სპეციფიკური საქმიანობა ან ეთნი-კური ნიშან-თვისება განაპირობებდა, ზოგჯერ განმსაზღვრელი იყო რელიგიური ფაქტორი; კონცენტრაცია, ძირითადად, სამლოცველოს ახლომდებარე უბნებში ხდებოდა, რადგან სამლოცველო წარმოადგენდა როგორც მათი რელიგიურ-კულტურული, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს.

ებრაელები, როგორც წესი, ამა თუ იმ ქალაქში ერთად სახლდებოდნენ და ცდილობდნენ საკუთარი სინაგოგა დაეფუძნებინათ. სოფლებიდან წამოსულებიც ერ-თმანეთთან ახლოს იდებდნენ ბინას, რის გამოც ქალაქებში ებრაული დასახლებები იქმნებოდა. ჩვეულებრივ, ასეთი ჯგუფი დიდი ოჯახებისგან შედგებოდა, რომლებიც სამ-ოთხ თაობას აერთიანებდნენ. ჯგუფში ოჯახების რაოდენობა შეზღუდული იყო. მათ არჩეული გაბაი თავკაცობდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო სინაგოგაში საქმეთა წარმოებაზე. ხახამი კი თემის რელიგიურ ცხოვრებას უძღვებოდა, ადგენდა რაბინის, ხაზანის (მლოცველი სინაგოგაში), შეხოტის (ფრინველისა და ცხვრის შემწირველი) და ხედერას (მედრესის მასწავლებელი) ფუნქციებს.

თბილისშიც ებრაელთა უბანს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ებრაელებმა ჩაუყარეს საფუძველი. ზ. ჭიჭინაძის ცნობით, ეს უბანი «სიონის მახლობ-ლად, ფეთხაინის ეკლესიის ძირას ყოფილა». XX საუკუნის პირველ ნახევარში ებრაელებმა თხოვნით მიმართეს გუბერნატორს, რათა მას დედაქალაქში მათთვის ახალი სამლოცველოს აშენების ნება დაერთო. 1905-1906 წლებში ახალი სინაგოგის მშენებლობა დასრულებულა და ებრაული მოსახლეობაც, ძირითადად, მის მახლობ-ლად განსახლებულა. ისინი კომპაქტურად ცხოვრობდნენ ლესელიძისა და ვერცხლის ქუჩის მიდამოებში.

აღმოსავლეთ საქართველოს ებრაელთა დასახლებებიც მჭიდრო, კომპაქტური იყო, საცხოვრებელი ნაგებობანი კი — ძირითადად, მიწური და დარბაზული სახლის ტი-პისა, ოჯახები — დიდი, პატრიარქალური (20-25 სული).

XX საუკუნის დამდეგის სოციალურ-ეკონომიკური ძვრების შედეგად დიდი ოჯახები იშლება და მათ ადგილს ერთპიროვნული ოჯახები იკავებს. საკარმიდამო ნაკვეთებს გარდა, ებრაელები სახნავ-სათეს მიწებს, ბაღებსა და ვენახებსაც ფლობდნენ. დასავლეთ საქართველოს ებრაელთა დასახლებებში გავრცე-ლებული იყო ხის ქართული ოდა სახლი, დიდი საკარმიდამო ეზოთი გარშემორტყმული, სადაც განლაგებული იყო სამეურნეო ნაგებობები: ბოსელი, საქათმე, ბეღელი, შიგნით გაშენებული იყო ვენახი და ხეხილის ბაღი.

მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა საცხოვრებელი კომპლექსი, ძირითადად, ქართული ეროვნული საცხოვრებლის ტრადიციას ემყარება, მასში მაინც მკაფიოდ ჩანს ებრაელი ხალხის სულიერი კულტურის სპეციფიკასთან დაკავშირებული დეტალები. ყოველი ებრაელის სახლს ჰყავდა თავისი მფარველი, მშვიდობისა და დოვლათიანობის მცველი, რომელსაც მეზუზა ჰქვია. ამავდროულად, მეზუზა ოთხკუთხა, თავდახურული თხელი ყუთია, რომელშიც ჩასვენებულია სოფერის (წმიდა ტექსტის გადამწერის) მიერ პერგამენტის ქაღალდზე ნაწერი «მეორე სჯულის» ფრაგმენტი თორიდან და მიმაგრებულია შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს. დღესდღეობითაც ოჯახის ყველა წევრი სახლიდან გასვლისას და დაბრუნებისას გარ-კვეულ რიტუალს ასრულებს, რათა მშვიდობიანი დღისთვის მადლობა უთხრას გამჩენს.

ვაჭრობა და მეურნეობა

ებრაელები ქართველებთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი არამარტო საერთო ტერიტორიაზე ცხოვრებით, არამედ საერთო ეკონომიკური ბაზის წარმოებითაც. ისინი ძველთაგანვე მისდევდნენ მიწათმოქმედებას — ოჯახის უფროსი მამაკაცი გუთნისდედა იყო. ის განაგებდა ხვნა-თესვასა და თიბვა-ლეწვასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ითესებოდა დოლის პური, დიკა, ქერი. პურეულს კალოზე ლეწდნენ. მესაქონლეობის ინტენსიურ წარმოებას არ მისდევდნენ, მას, ძირითადად, საოჯახო დანიშნულება ჰქონდა. ებრაელები წარმატებით ეწეოდნენ მევენახეობა-მეღვინეობას.

სოფლის მეურნეობასთან ერთად ებრაელთა ერთი ნაწილი ხელოსნობასა და შინამრეწველობას მისდევდა: მეთუნეობას, დურგლობას, მეწაღეობას, მექუდეობას, მღებრობას, მჭედლობას. ებრაელი ხელოსნები ქმნიდნენ საკუთარ სახელოსნოებს ან მცირე საწარმოო გაერთიანებებს — «ამხანაგობებს», რომლებშიც ძირითადი პროფესიის მიხედვით 2-3 ხელოსანი ერთიანდებოდა. ქართლში (გორში, ცხინვალში) ებრაელებს ჰქონდათ ღვინისა და არყის ჩამოსასხმელი ქარხნები, ჩაის შემფუთავი საამქრო, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის სამკერვალოები და სხვ. ნიქოზში, ებრაელების მფლობელობაში იყო აგურის მცირე ქარხნები, სადაც ამზადებდნენ აგურს, კრამიტს, ალიზს. ჰქონდათ სამხერხაოები, წისქვილები. რაჭაში ცნობილი იყვნენ ებრაელი მეთუნეები.

სამზარეულო

ებრაული სამზარეულო განსაზღვრავს ებრაელთა პურობის ხასიათს. მაგრამ როგორი შინაარსის ან სიდიდისაც არ უნდა იყოს ებრაელთა პურობა, მას ყოველთვის ახლავს სამი საკრალური ელემენტი: მარილი, პური, ღვინო. მარილზე დაწებული პურის ნა-ტეხის («ჰამოცის» და «კლდუშის») და ღვინის კურთხევის რიტუალებით პურობის დაწყების აუცილებლობა ეტიკეტის სავალდებულო წესია. ყოველი ეთნოსის სამზარე-ულოში დასტურდება კანონით განსაზღვრული დასაშვები და აკრძალული საკვების არსებობა. ქართველ ებრაელთა კვებაში არსებული აკრძალვები ზოგადებრაულია. მკვლევართა აზრით, სწორედ ამ აკრძალვების დაცვა გახდა ებრაელი ხალხის მორალური და ფიზიკური სიმტკიცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

სოციალური ურთიერთობები და ყოფა-ცხოვრება

საუკუნეების განმავლობაში ქართველებისა და ებრაელების ერთად ცხოვრებამ გარკვეული გავლენა იქონია ორივე ხალხის ყოფასა და კულტურაზე. ებრაულმა ყოფამ გაითავისა მთელი რიგი ქართული წესებისა, რაც ნათლად ვლინდება ებრაული ქორწილის, დაკრძალვის, გლოვის რიტუალებში. ებრაული თემის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო მორალურად და ეკონომიკურად ძლიერი ოჯახის არსებობა. ებრაულ ოჯახში, როგორც ოჯახის წევრთა ურთიერთობაში, ისე მათ საქმიანობაში, ტრადიციის ძალით მკაცრად იყო დაცული ასაკობრივ-სქესობრივი სეგრეცია. ოჯახის უფროსად მიიჩ-ნეოდა მამაკაცი — ყოველგვარი საკაცო საქმიანობის წარმმართველი და განმანაწილებელი, გარე ურთიერთობის მომწესრიგებელი, ოჯახის ქონების განმანაწილებელი, საოჯახო საქმეებში რჩევა-დარიგების მიმცემი.

უფროსი მამაკაცის შემდეგ ოჯახში საკმაოდ დიდი უფლება-მოვალეობები ეკისრებოდა უფროს ქალს (დედას). დედა ოჯახის იმედი და ბურჯია. მას საოჯახო საქმიანობის გარდა, მთელი რიგი რელიგიურ-სადღესასწაულო წესების დაცვა-შესრულება ევალება. ოჯახის დედა მეთვალყურეობდა ქალიშვილების აღზრდას: უზრუნ-ველყოფდა მათ მიერ საოჯახო საქმიანობისა და ხელსაქმის შესწავლას, ზნეობრივი ნორმების, სტუმართმოყვარეობის, უფროსებისადმი მოკრძალების, ოჯახის წევრების პატივისცემისა და სხვა წესების დაცვას. დედა შვილებს შრო-მისმოყვარეობასთან ერთად პატიოსნებასა და თავდაჭერილობის ჩვევებს უნერგავდა. ამრიგად, ოჯახში სიწმინდის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შემნახველი და დამცველი, ძირითადად, ქალი იყო.

ებრაელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ოჯახის შექმნასა და შთამომავლობზე ზრუნვას. ტრადიციით, საქორწინო ასაკად ქალისათვის 14-16 წელი ითვლებოდა, ვაჟი კი 18 წლის შესრულების შემდეგ ოჯახდებოდა; ნიშნობა უფრო ადრეულ ასაკში ხდებოდა. სრულასაკოვანთა დანიშვნასთან ერთად მცირეწლოვანთა და აკვანში და-ნიშვნის წესიც არსებობდა.

რელიგიური ტრადიციის ერთგულებამ განაპირობა ისიც, რომ ქართველ ებრაელებს შესისხლხორცებული ჰქონდათ საქველმოქმედო საქმიანობა: უსასყიდლოდ მომსახურება, სუსტთა, ობოლთა, ღატაკთა დახმარება, ამიტომ საზოგადოებას თითქმის არ ჰყავდა უსახლკაროები და კარ-დაკარ მოხეტიალე მათხოვრები. ყველა ებრაელი ვალდებული იყო დავრდომილისთვის ლუკმაპური გაენაწილებინა, თავშე-საფარი მიეცა და დაგლახაკების უფლება არ მიეცა. გარდა ამისა, ებრაელებში მაღალ დონეზე იდგა თანადგომის კულტურა შრომაში, ლხინსა თუ ტირილში.

დღესასწაულები

ცნობილია, რომ ებრაელისათვის არსებობა იუდეველად ყოფნას ნიშნავს, რაც რჯულის დაცვას, ანუ წეს-ჩვეულებათა ერთგულებას გულისხმობს. ამიტომ ქართველ ებრაელთა კალენდარულ თუ რელიგიურ დღეებს მათ ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მთელი რიგი თავისებურება-სპეციფიკურობით გამოირჩევა.

«უფლის დღედ» წოდებული წმიდა შაბათი, «როშ ჰაშანა» — ახალი წელი ებრაული კალენდრით, «ქიფური» — მონანიებისა და მიტევების დღე, «სუქოთი» — კარვობა — «ჟამი ჩვენი სიმხიარულისა», რომელსაც თორის დღესასწაული «სიმხათ თორა» აგვირგვინებს, ბრწყინვალე დღესასწაული «ხანუქა», ებრაული რწმენის გადარჩენას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას რომ განასახიერებს, ხეების ახალი წელი «ტუ ბიშ-ვატი», «ფურიმი» — ებრაელთა ფიზიკური გადარჩენის სიმბოლო, «ფესახი» — «მაცობა», ეგვიპტის მონობიდან ებრაელთა გამოსვლის აღსანიშნავი დღესასწაული «ჟამი ჩვენი თავისუფლებისა», «შავუოთი» — «ჟამი ჩვენი თორის ბოძებისა», მარხვისა და ხსოვნის დღეები, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების აღმნიშვნელი თარიღები, ადამიანის ასაკის განსაკუთრებული მომენტები — «ბრით მილა», «ბარ და ბათ მიცვა», ცხოვრების სხვადასხვა ეტაპების — «ხუფა», «ქეთუბა», «გეტი» — აღნიშვნა და კიდევ ბევრი ოჯახური თუ სათემო ტრადიცია, ქართველი ებრაელების სულიერი კულტურისა და რწმენა-წარმოდგენების მდიდარ სამყაროს წარმოაჩენს.

დღეობა-დღესასწაულები ებრაელების სოციალური ურთიერთობების, სულიერი თუ მატერიალური კულტურის განვითარების გარკვეულ დონეზე მიუთითებს და თითოეულ მათგანში თვალნათლივ იკვეთება მდიდარი, დახვეწილი, ამავე დროს განსაკუთრებული, სპეციფიკური ნიშნების მატარებელი ყოფითი ტრადიციები.

საქართველოს ებრაელობამ სათუთად შემოინახა და დღემდე მოიტანა ებრაული რელიგიური ტრადიციისთვის დამახასიათებელი რეალიები. ამან განაპირობა ის, რომ საქართველოში ებრაელებმა არ დაკარგეს თავიანთი ეროვნულობა და თვითმყოფა-დობა. ამასთან, ისინი საქართველოში უცხოელებად არ იყვნენ მიჩნეული, პირიქით, ქართველი ებრაელები თანაზიარნი იყვნენ ქართველი ხალხის გაჭირვებისა თუ ლხინისა.

საქართველოს ებრაელები XIX-XX საუკუნეებში

რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა გამუდმებით ცდილობდა დაეპირისპირებინა ებრაელი და ქართველი მოსახლეობა («სისხლის შარი» — სურამის პროცესი, 1850 წ., ქუთაისი-საჩხერის პროცესი, 1879 წ., და სხვ.), თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოში ანტისემიტიზმმა გასაქანი ვერ ჰპოვა.

ისტორიულ სამშობლოში ებრაელთა თავმოყრისა და გაერთიანების იდეამ სიონიზმის სახით შეისხა ხორცი. საქართველოში ამ იდეის შემომტანები და გამავრ-ცელებლები, ძირითადად, აშკენაზები იყვნენ. სიონისტური წრეები თბილისში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში XIX საუკუნის დამლევს ამოქმედდა. 1905 წლის რევოლუციის დროს შეიქმნა ებრაელთა ეროვნული კომიტეტი, რომელმაც 1919 წლის ივნისში თავი საქართველოს სიონისტურ კომიტეტად გამოაცხადა, აგვისტოში კი საქართველოს პირველი სიონისტური კონფერენცია მოიწვია. მეექვსე სიონისტური კონგრესის მუშაობაში (ბაზელი, 1903 წ.) მონაწილეობა მიიღო რაბინმა დავით ბააზოვმა, რომელიც საქართველოს ებრაელთა სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი თავკაცი იყო. XX საუკუნის პირველ ათწლეულში მასთან ერთად სიონისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ნათან ელიაშვილი (1893-1929).

სიონიზმის გავრცელებას გარკვეული წინააღმდეგობაც შეხვდა რელიგიური მოძრაობა ხაბადის წევრების მხრიდან, რომლებმაც საქართველოში 1916 წლიდან და-იწყეს მოღვაწეობა. მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყვნენ ორთოდოქსი ლიდერებიც — ხახამები. მართლაც, XIX საუკუნეში და XX საუკუნის დამდეგს დიდი არ იყო საქართველოდან ისრაელში ასული ხახამების რაოდენობა. მათგან მხოლოდ რამდენიმეს სახელია შემორჩენილი: ეფრაიმ ბენ იაკობ ჰალევი კუკია, რომელმაც 1877 წელს იერუსალიმში გამოაქვეყნა რელიგიურ-ფილოსოფიური თხზულება იალკუთ ეფრაიმ ალ-ჰათორა იმ ხაშემ მეგილლოთ («ეფრაიმის განმარტებათა კრებული ხუთწიგნეულსა და თორაზე») და სამ ხაიმ: ლიკკუთიმ უ-მუსარიმ ტოვიმ («სიცოცხლის ელექსირი: ამონარიდები სათნო ცხოვრების შესახებ»). ახალციხელი ხახამი იოსებ დავითაშვილი ერეც-ისრაელს XIX საუკუნის 90-იან წლებში დაუბრუნდა; სიმან ბენ მოშე რიჟინაშვილმა 1892 წელს იერუსალიმში გამოსცა ებ-რაულ-ქართული სახელმძღვანელო-სასაუბრო (ებრაული დამწერლობით) სეფერ ჰინნუხ ხა-ნეარიმ («ყრმათა აღზრდის წიგნი»).

1918 წლის იანვარში, თბილისში დაარსდა ნაციონალური საქმეების ებრაული კომისარიატი. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა სამმა ებრაელმა (ი. ელიგულაშვილმა, მ. დავარაშვილმა, ი. გოლდმანმა); ქარ-თველ ებრაელთა ლიდერებმა ბეით ქნესეთის ოქროს მარაგის ნაწილი საქართველოს ხაზინაში შეიტანეს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ეკონომიკური სა-ფუძვლის განსამტკიცებლად.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, «მეცნიერული» ათეიზმის მძვინვარების მიუხედავად, იუდაიზმის ტრადიციების რღვევის საქმეში კომუნისტურმა ხელისუფ-ლებამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია. 1960-70-იან წლებში ქართველ ებრაელთა უმრავლესობა განაგრძობდა სინაგოგაში სიარულს, იცავდა ქაშრუთს (გარკვეული საკვების აკრძალვის წესს). წინადაცვეთა, ქორწინება და დასაფლავება რელიგიური წესების დაცვით სრულებოდა. ბავშვები 13 წლის ასაკამდე სწავლობდნენ იატაკქვეშა არალეგალურ ხედერებში. მართალია, მათი არსებობის შესახებ ხელისუფლებამ იცოდა, მაგრამ ამჯობინებდნენ ამ ფაქტისათვის ყურადღება არ მიექციათ. საბჭოთა კავშირში პირველმა სწორედ საქართველოს ებრაელობამ შეძლო კომუნისტური «რკინის ფარდის» გარღვევა.

XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაჩ

| |