მუნიციპალიტეტის ორგანოების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების სამონიტორინგო მისიის საბოლოო ანგარიში

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობისა და მწვავე პოლარიზაციის ფონზე წარიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით,მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის,  19 აპრილს პოლიტიკური შეთანხმება იქნა მიღწეული,[1] რომელმაც მმართველი პარტიის მიერ ხმების 43%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა გააჩინა. შედეგად, პოლიტიკური აქტორებისთვის გამარჯვება ეროვნული დონის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად იქნა მიჩნეული, რამაც პოლიტიკური გარემო უკიდურესად პოლარიზებული, ხოლო დისკურსი აგრესიული და კონფრონტაციული გახადა.

2021 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით მიიღო. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადეკვატურ ბაზას წარმოადგენდა, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად და ხელს უწყობდა არჩევნების შედეგების მიმართ ნდობის გაზრდას.[2] თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, სავარაუდო პოლიტიკური გავლენების არსებობამ, განსაკუთრებით, ქვედა დონეზე, კონკრეტული დარღვევების მიმართ არასათანადო რეაგირებამ და საარჩევნო დავების განხილვის პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ფორმალურმა და ზედაპირულმა მიდგომამ,  არჩევნების შედეგების მიმართ ნდობის გაზრდა ვერ უზრუნველყო.

 

პოლიტიკურ აქტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ადმინისტრაციული და სხვა სახის რესურსის მობილიზებამ, მმართველ პარტიას თავისი მდგომარეობით მინიჭებული უპირატესობით შეუსაბამოდ სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ადგილობრივი ბიუჯეტების ზრდა.[3] საქართველოს პრემიერ მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიერ ინფარსტრუქტურული და სოციალური პროექტების ინიცირებამ, რომლის განხორციელება წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა, წაშალა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ეს პროგრამები და ინიციატივები წარმოადგენდა საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობას. შედეგად, მმართველი პარტია უპირატეს მდგომარეობაში მოექცა არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტებთან შედარებით.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატა სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა, აქტუალური გახდა პოლიტიკური პარტიების კანდიდატების სავარაუდო ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით არჩევნებიდან ჩამოშორების შემთხვევები, დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც. ამგვარად, წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში წარმართვის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი ვერ იქნა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს.

წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებების, ურთიერთ ბრალდებებისა და დისკრედიტაციის რეჟიმში მიმდინარეობდა, არ არსებობდა დისკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით, ეროვნული დონის საკითხებზე კონცენტრირებამ დაიჩრდილა ადგილობრივი დონის საჭიროებები და პრობლემები, ნაკლები აქცენტი გაკეთდა Covid-19 პანდემიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე, ბუნდოვანი იყო შეთავაზებული საარჩევნო პროგრამები. მეორე ტურის წინ, შედარებით მეტად გამოიკვეთა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე ფოკუსირება, კანდიდატების სააგიტაციო მასალებზე გამოჩნდა კონკრეტული დაპირებები, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაპირებები ნაკლებად ეფუძნებოდა სიღრმისეულად გაანალიზებულ პოლიტიკურ ხედვას, მაინც პოზიტიურ ძვრას წარმოადგენდა წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებული პოზიცია, რომ ოპოზიციონერ მერს ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ ექნებოდა[4], ერთის მხრივ, ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირებებისა და კამპანიის საფუძვლის გამოცლის მცდელობას წარმოადგენდა, ხოლო მეორეს მხრივ, ნათლად აჩვენა, რომ  ხელისუფლების მიერ გაცხადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგია ფორმალობაა.

,,მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო ოლქებში, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების შიგნით, კენჭისყრის პროცესი, უმეტესად, მშვიდ გარემოში წარიმართა, თუმცა პირველ ტურში დაფიქსირდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტები, რასაც ადგილი ჰქონდა მარნეულის ოლქში. საარჩევნო უბნებზე შეინიშნებოდა ხალხმრავლობა, რაც ერთის მხრივ ართულებდა Covid-19 პანდემიის გავრცელების პრევენციას, ხოლო მეორეს მხრივ საფრთხეს უქმნიდა კენჭისყრის ფარულობის დაცვას. არჩევნების მეორე ტურში, რუსთავში, ტენდენციის სახე ჰქონდა უბანზე ყოფნის უფლებამოსილი პირების მიერ ამომრჩეველთა მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას, ეს პრაქტიკა წლებია გამოწვევას წარმოადგენს და აღიქმება, როგორც ამომრჩეველთა თავისუფალი ნების კონტროლი.

საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, წარდგენილ საჩივრებზე საოლქო საარჩევნო კომისიების რეაგირება ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის სტანდარტს. განხილვის პროცესში, არ ხდებოდა ყველა გარემოების სრულფასოვნად გამოკვლევა, ნებისმიერი სიმძიმის დარღვევებთან დაკავშირებით ცდილობდნენ ისინი ტექნიკურ შეცდომად შეეფასებინათ, რითაც საჩივრების განხილვის პროცესში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა ვერ შეასრულეს პოზიტიური ვალდებულება, ობიექტური განხილვის შედეგად მიეღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილებები.

საარჩევნო დავებზე, დასაბუთებულობის სტანდარტი ასევე დაბალი იყო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. საარჩევნო დავების ამგვარი ზედაპირული განხილვა და არასათანადო გადაწყვეტა ეფექტს უკარგავს გასაჩივრების მექანიზმს, რადგან ვერ ხერხდება დარღვევების აღმოფხვრა, პრევენცია და საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება.

საარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ ეროვნულ საკითხებზე კონცენტრირებით მოსახლეობის საჭიროებების და პრობლემების გადაფარვამ კიდევ უფრო გაუღრმავა საზოგადოების ნიჰილიზმი და უნდობლობა, სრულიად პოლიტიკური სპექტრის - როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მიმართ. მნიშვნელოვანია პროცესში ჩართულმა მხარეებმა, გამოიჩინონ კეთილსინდისიერი ძალისხმევა, საზოგადოებასა და პოლიტიკურ აქტორებს შორის ხიდჩატეხილობის აღმოსაფხვრელად, რათა შემდგომი საარჩევნო ციკლისათვის ამაღლდეს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა, უზრუნველყოფილ იქნეს ინკლუზიური, გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო და ხელი შეეწყოს საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას. 

    რეკომენდაციები

  • პოლიტიკურმა აქტორებმა გამოიჩინონ ძალისხმევა, ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და პოზიციების დაახლოებისთვის, რადგან საზოგადოებას დაუბრუნდეს ნდობა, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მიმართ. ამასთან, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა, უზრუნველყონ ინკლუზიური საარჩევნო კამპანიის წარმოება და პოლიტიკურ პროგრამებში მეტად ასახონ საზოგადოებისთვის, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობათა მნიშვნელოვანი საჭიროებები, პრობლემები და მათი გადაჭრის  გზები.

  • მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებისგან. მნიშვნელოვანია, იმ მერებისა და საკრებულოს წევრების სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების გამიჯვნა საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებისგან, რომლებიც კანდიდატებად იყვნენ წარდგენილნი და დაკავებული თანამდებობიდან ეწეოდნენ წინასაარჩევნო კამპანიას.

  • ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, შემუშავებული იქნას მყარი მექანიზმი, იმისათვის, რომ სახელისუფლებო ორგანოები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირები, საარჩევნო პერიოდში არ მოექცნენ პოლიტიკური გავლენების ქვეშ, რაც ნეგატიურად მოქმედებს ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო და პოლიტიკურ აქტიურობაზე.

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა  დროული და ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინონ საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ინციდენეტებთან მიმართებაში, მათ შორის  წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან წასვლის იძულების ფაქტების ირგვლივ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ეთნიკური უმცირესობების ნდობის გაზრდა სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ და  დაუბრკოლებლად შეძლონ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება.

  • მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა აქტორებმა წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ, სიძულვილის ენის და დეზინფორმაციის გამოყენებისგან, განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, რაც ერთიც მხრივ მნიშვნელოვნად ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და ამავდროულად შეიცავს დაპირისპირებისა და ძალადობის წახალისების რისკებს, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის.

  • პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია მაღალი ზნეობრივი და ეთიკური პრინციპების დაცვით უნდა წარმართონ, უარი თქვან ეთნო-პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებაზე, პარტიებმა და კანდიდატებმა თავი უნდა შეიკავონ ეთნოსთაშორისი შუღლის ხელშემწყობი განცხადებების გაკეთებისგან.

  • პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა თავი უნდა შეიკავონ კონკურენტების წინასაარჩევნო შეხვედრების ხელშეშლისგან და კონტრაქციებისაგან. პარტიებმა მეტი ფოკუსირება უნდა მოახდინონ საარჩევნო პროგრამებზე და ხედვებზე, ვიდრე ოპონენტების იმიჯის დაზიანებაზე.

  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენლობის ზრდის წახალისება.

  • პოლიტიკურმა პარტიებმა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ არეალში გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, ადგილობრივ ორგანიზაციებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობისა ხელშეწყობის მიზნით.

  • პოლიტიკურ პარტიებში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია სამართლებრივი სტიმულირების მექანიზმის შემოღება. კერძოდ, საქართველოს ორგანულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ჩადებულ იქნეს მექანიზმი, რომელიც ფინანსურად წაახალისებს პოლიტიკურ პარტიებს, რათა მოახდინონ ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული პირების მეტი წარმომადგენლობა საარჩევნო სიებში.

  • საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანია უნდა გააძლიეროს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ამასთან, უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიის წარმართვა მათთვის გასაგებ ენაზე.

  

 

 

 

 

 

 

 

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსდა ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური ხელშეწყობით.

 

ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საერთო-სამოქალაქო მოძრაობას „მრავალეროვან საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ანგარიშში

[1] შეთანხმება სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა და ის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის ერთადერთ მექანიზმად იქნა მიჩნეული. https://eeas.europa.eu/sites/default/files/mediacia_samomavlo_gza_sakartvelostvis.pdf

[2] საარჩევნო დავების წარმოების სტანდარტის გაუმჯობესება, ამომრჩევლის მოსყიდვის პრევენცია, ზეწოლის და იძულების ფაქტების ობიექტური და დროული გამოძიება, საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრებით დაკომპლექტების სტანდარტის ამაღლება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენცია.

[3] ივლისის თქვეში ორჯერ გაიზარდა ააპების დაფინანსება ახალციხეში:  30 ივლისის ცვლილებებით, ბიუჯეტი 1 058 400 ლარით გაიზარდა, საიდანაც 70 000 ლარი მუნიციპალიტეტის ააპებზე გადანაწილდა, მათ შორის იქ დასაქმებულ პირთა ხელფასებზე. ივლისის თვეში 622 000 ლარით გაიზრდა მარნეულის ბიუჯეტი, საიდანაც  400 000 ლარი სოციალური დახმარებებისათვის იყო  გათვალისწინებული.

[4] https://netgazeti.ge/news/571076/

 

   

  მუნიციპალიტეტის ორგანოების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების სამონიტორინგო მისიის საბოლოო ანგარიში

| |