მრავალეროვანი საქართველო ეხმაურება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს

მრავალეროვანი საქართველო ეხმაურება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს

 

 მრავალეროვანი საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო.

 

ორგანიზაცია გმობს და ემიჯნება პოლიტიკური პროცესების ძალადობრივი ფორმებით წარმართვას. სამწუხაროდ, პროცესები საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაცების ფონზე მიმდინარეობს, რამაც მოიცვა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე სამოქალაქო-საზოგადოებრივი სექტორი და მედია. არსებულ ვითარებას, კიდევ უფრო ამწვავებს პოლიტიკური პროცესის საკანონმდებლო ორგანოდან ქუჩაში გადატანა.

 შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ვერცერთმა მხარემ, მწვავე პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვერ გამონახა რესურსი. „მრავალეროვანი საქართველო“ მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა კონსოლიდირებული უნდა იყოს სამოქალაქო მშვიდობის, ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისათვის.

 პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის კომპრომისული და სამართლებრივი გზების მოძიებაში, განუზომლად დიდია ხელისუფლების როლი, რაც გულისხმობს სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის ინტერესების დაკმაყოფილებას, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა თუ პოლიტიკური მისწრაფებების გამომხატველი ფორმებისა.

 

აშკარაა, რომ მზარდი სოციალური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, საზოგადოების პოლარიზაცია და მწვავე პოლიტიკური კრიზისი, სავალალო შედეგის მომტანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე, რაც ქვეყნის პრინციპული არჩევანია. არსებული კონფრონტაციული გარემო, საფრთხეების შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, ხოლო საერთაშორისო პარტნიორთა მიერ გამოთქმულმა შეშფოთებამ შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს:

 -          ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროცესების ძალადობრივი ფორმებით წარმართვისაგან და დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს, რათა არ დაუშვან სიტუაციის შემდგომი ესკალაცია;

 -          ხოლო ხელისუფლებას, უზრუნველყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა და გამოწვევებზე რეაგირების შემთხვევებში არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს.  

| |