საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ NED-ის ფინანსური ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის“ (NED) ფინანსური ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს მონაწილეობითი დემოკრატიის სკოლის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
სკოლის სასწავლო კურსი განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის. კონკურსანტთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველთაგან, მხოლოდ 34 ახალგაზრდა შეძლებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში განივითაროს უნარები და შეიძინოს სათანადო ცოდნა-გამოცდილება, რათა, ერთი მხრივ, ეფექტურად ჩაერთონ პარტიულ პოლიტიკაში, კონკრეტულად კი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის და მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ხოლო, მეორე მხრივ, შეძლონ კარიერული სვლა საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.
პირობები
მონაწილეობითი დემოკრატიის სკოლის ბენეფიციარები უნდა მიეკუთვნებოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს და ამასთანავე შესაძლოა წარმოადგენდნენ 1+4 პროგრამის ბაკალავრის ან სამაგისტრო კურსების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
ქართული ენის ფლობა აუცილებელია.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 24 კვირა
სალექციო კურსები/დისციპლინები
• პოლიტიკური მეცნიერება
• საჯარო სექტორის ადმინისტრირება
• სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა
• კონფლიქტები და უსაფრთხოება
პროგრამა ითვალისწინებს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს და აქტივობებს, მათ შორის საჯარო და პოლიტიკური პროცესების ინსცენირებას (სიმულაციას) ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ა) საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების ინიცირების, განხილვისა და დამტკიცების პროცესი; ბ) პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შორის დებატების წარმოების პროცესი; გ) კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის პროცესი.
სიმულაციური მეცადინეობის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების (საჯარო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, კონფლიქტოლოგები) ფართო ჩართულობა და პროაქტიული მონაწილეობა, როგორც შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ისე სტუდენტთა შეფასების თვალსაზრისით.
სასწავლო კურსის პროგრამა ასევე მოიცავს არაფორმალური განათლების სატრენინგო პროგრამებს, რომელიც მიმართულია ისეთი უნარჩვევების განვითარებაზე, როგორიცაა:
• ლიდერობის უნარები
• კვლევის წარმოებისა და ანგარიშების შედგენის მეთოდოლოგიური საფუძვლები
• საჯარო გამოსვლების და საკომუნიკაციო უნარები
• მოლაპარაკებათა წარმოების, როლური თამაშების, დებატების წარმოებისა და ფასილიტაციის უნარები
სასწავლო კურსის ფარგლებში ასევე გაიმართება საჯარო ლექციათა ციკლი პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის მონაწილე ქვეყნების, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და საელჩოების, განვითარების ხელშემწყობი და დონორი ორგანიზაციების, საჯარო უწყებებისა და ექსპერტთა ჩართულობით, რათა გაუზიარონ თავისი გამოცდილება და ხედვები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ქვეყნის განვითარების პერსპექტივები სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ადგილობრივ და რეგიონალურ ჭრილში; დაგროვილი გამოცდილება: პრობლემები, წუხილები და გამოწვევები; განვითარებისათვის გასატარებელი / ხელშემწყობი ღონისძიებები და ახალგაზრდების როლი განვითარების პროცესში.
მონაწილეობითი დემოკრატიის სკოლის სასწავლო პროგრამაში ჩართვის მსურველებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: vacancy.pmmg@gmail.com
წერილის სათაურში მიუთითეთ: მონაწილეობითი დემოკრატიის სკოლა - სხვა სათაურით შემოსული წერილები არ განიხილება.
მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას დაუკავშირდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

| |