2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის

პირველი შუალედური ანგარიში

 

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ გრძელვადიანი დამკვირვებლები წინასაარჩევნო მონიტორინგს 2016 წლის 15 ივლისიდან საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 ოლქსა (#35 და #36 მარნეულის, ასევე #46 ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქები) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახორციელებენ.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (15 ივლისი-15 სექტემბერი, 2016 წ.) ორგანიზაციამ გამოავლინა ფიზიკური დაპირისპირების 2 ფაქტი, აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 7 ფაქტი, აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 1 ფაქტი, ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 1 ფაქტი, ინსტიტუციონალური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 1 ფაქტი, ინსტიტუციონალური ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 1 ფაქტი, წინასაარჩვენო კამპანიისთვის/საქმიანობისთვის სავარაუდო ხელშეშლის 1 ფაქტი და ამომრჩეველთა მოსყიდვის 1 ფაქტი. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით საარჩევნო გარემო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში გამოირჩევა თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხით, რაც თავის მხრივ შესაძლებლობებს იძლევა უფრო მეტმა პოლიტიკურმა სუბიექტმა აწარმოოს საარჩევნო კამპანია შედარებით თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად იყო დაკავებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებაში; ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლების, უმცირესობებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის  საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარებით. ცესკოში შეიქმნა სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება ეთნიკური უმცირესობებისთვის  გასაგებ ენაზე;

მონიტორინგის არეალში  დარეგისტრირებულია და არჩევნებში მონაწილეობას იღებს პარტიული სიით 12 საარჩევნო სუბიექტი და მაჟორიტარობის 25 კანდიდატი. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი საარჩევნო მაჟორიტარობის კანდიდატებიდან 17 არის ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებული პირი.

ანგარიში მომზადდა და გამოიცა პროექტის „ხელი შეეწყოს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” და მასში მოყვანილი შეხედულებები არ ასახავს დონორი ორგანიზაციების მოსაზრებებს.

 

 

    2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში

| |