ტრენინგი თეთრიწყაროს მუნიციალიტეტში მცხოვრები მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისათვის

საერთო სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო“ თეთრიწყაროში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისათვის ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგში, გარდა უკვე მოქმედი მეწარმეებისა, მონაწილოებას იღებდნენ თეთრიწყაროში მცხოვრები ახალგაზრდები,  რომლებსაც გააჩნიათ სურვილი/პოტენციალი ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარების პროცესში და შესაბმისად დაგეგმონ და განახორციელონ სამეწარმეო საქმიანობა.

ტრენინგს უძღვებოდნენ ორგანიზაციის მიერ სპეციალურად შერჩეული ექსპერტები, მაკა ფირანაშვილი და ნოდარ გრძელიშვილი. ორივე მათგანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს როგორც ტურიზმის მენეჯმეტის შესახებ საპროფესორო საქმიანობის, ასევე ტურისტული ბიზნესის წარმოებისა და განვითარების სფეროში საექსპერტო მოღვაწეობის კუთხით. გარდა მოწვეული ექსერტებისა, სატრენინგო სესიის 2 საათიანი მონაკვეთი დაეთმო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომედგენელს, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს განუმარტა საკრედიტო რესურსების მოძიების სამართლებრივი/პროცედურული მხარეები, ასევე ესაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად აუცილებელი საკრედიტო რესურსების მობილიზების გზებსა და შესაძლებლობებზე.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეების მხრიდან მოხდა მათი ბიზნეს-გეგმების გაცნობა და ექსერტებთან ერთად დამუშავება. გარდა ამისა, გაჩნდა ახალი იდეები და გაიმართა ამ იდეების განხორციელების გზებზე მსჯელობა.

აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ხელი შეეწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მძიმე სოციალური და ეკონომიკური კლიმატის გაჯანსაღებას ადგილზე არსებული ტურისტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენების გზით“ ფარგლებში, “გაეროს განვითარების პროგრამის” (UNDP)  ფინანსური მხარდაჭერით. 

 

 

 

| |