სიდა-ს წარმომადგენლები მარაბდაში PMMG-ის საცდელ ბაღებს ესტუმრნენ

„მრავალეროვანი საქართველოს“ (PMMG) ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში სოფელ მარაბდაში გაშენებულ საცდელ ბაღს 14 ივნისს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) წარმომადგენელი ესტუმრა.

CIDA-ს პროექტების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშების მენეჯერმა რუსუდან მეტრეველმა პროექტის ფარგლებში უკვე დარგული ნერგები მოინახულა და ამასთან, ახალი ძირების დარგვის პროცესსაც დაესწრო.

პროექტი სახელწოდებით „ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერა სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით“ სოფელ მარაბდაში ჩვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილ საცდელ ბაღებში ქართულ და ევროპულ ბაზარზე ჯერ კიდევ დეფიციტურ და მზარდი მოთხოვნის ხილისა და კენკროვნების ჰიბრიდული და არაჰიბრიდული ჯიშების დარგვას ითვალისწინებს. ხილისა და კენკროვნების ჩამოტანილი ჯიშები ქართული ბაზრისთვის სრულებით უცხოა და მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ნერგების ღირებულების 70%-ს აფინანსებს, თუმცა, თანადაფინანსების ნუსხაში PMMG-ის აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული, საქართველოსთვის არატრადიციული, ჯიშების დასახელებები არ შედის.

„მრავალეროვანი საქართველო“ აღნიშნული პროექტით ცდილობს, ხელი შეუწყოს უკვე არსებულ ჯიშების ნუსხაში ახალი, საქართველოსთვის არატრადიციული ხეხილისა და კენკროვანი კულტურების დამატებას. სამომავლოდ, აღნიშნული პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით, საქართველოს ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების მაღალი პოტენციალი ექმნება.

ამდენად, საქართველოს მეურნეობაში ხეხილის აღნიშნული ჯიშების შემოტანა სამომავლოდ როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე ბაზარზე დიდი წარმატების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. 
„მრავალეროვანი საქართველო“ აღნიშნულ პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

| |