შეხვედრები ნინოწმინიდისა და ახალქალაქის მოსახლეობასთან

PMMG-ის წარმომადგენლებმა გუშინ, 7 ივნისს ნინოწმინიდისა და ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ფერმერები, მეწარმეები, სტუდენტები და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეები, ჯამში 60-მდე ადამიანი ესწრებოდა.

ღონისძიებაზე მონაწილეებს ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის „ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში... პრობლემათა გამოვლენისა და მათი გადაწყვეტის პროცესში“ შინაარსი და მიზანი გავაცანით.

ღონისძიებას უძღვებოდა PMMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრა კალატოზიშვილი და პროექტის დირექტორი დიმიტრი ცერცვაძე. მოსახლეობასთან შეხვედრები ადგილობრივი მედია საშუალებებითაც გაშუქდა.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მიზნად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ფართო საზოგადოებრივი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გასაწევი მომსახურებისა და პროგრამული პრიორიტეტების ეფექტურად დაგეგმვისა და რეალიზების ხელშეწყობას ისახავს.

ამასთან, პროექტი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს - ადვოკატირებასა და მონიტორინგს. ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული ორი ძირითადი პრობლემის 2017 წლის ბიუჯეტში მოხვედრის ლობირება შედის, ხოლო მონიტორინგის ეტაპი აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესზე დაკვირვებას ითვალისწინებს.

ამავე დღეს აღნიშნული პროექტის ფარგლებშივე PMMG-ის თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. კერძოდ, არნოლდ სტეფანიანმა შეხვედრები ახალქალაქის მაჟორიტარ სამველ პეტროსიანთან, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებელ ედუარდ აღასარიანსა საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანს შეხვდა. ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელ გაგიკ კარსლიანს. აღნიშნულ შეხვედრას PMMG-ის ადგილობრივი კოორდინატორი აღას ზალანიანიც ესწრებოდა. მხარეები პროექტის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

7 ივნისსვე არნოლდ სტეფანიანი ნინოწმინდის ადგილობრივ რადიო NOR-ში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც პირდაპირ ეთერში პროექტის შინაარსზე, მის მნიშვნელობასა და ზოგადად ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

პროექტი სახელწოდებით „ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში პრობლემათა გამოვლენისა და მათი გადაწყვეტის პროცესში“ უკვე ერთი თვეა ხორციელდება და აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 10-10 კაციანი საბჭოების შექმნას ითვალისწინებს, რომლებიც ფართო საზოგადოებრივი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გასაწევი მომსახურებისა და პროგრამული პრიორიტეტების ეფექტურად დაგეგმვასა და რეალიზებას მონიტორინგს გაუწევენ.

პროექტი ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

| |