პრესკონფერენცია

დღეს "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში პარტნიორობამ "თავისუფალი არჩევანისთვის" პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარდა პარტნიორობის სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ამავე კონტექსტში, პარტნიორობის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაცი...ებმა ისაუბრეს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც, მაუწყებლობაზე ავტორიზებული ლიცენზირებული ტელემაუწყებელი ვალდებულია, პროგრამები განათავსოს მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. პარტნიორობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული რედაქციის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრობლემური გახდება ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება. იმ ფონზე, რომ სამცხე-ჯავახეთში სამი ქართულ-სომხურენოვანი, ხოლო ქვემო ქართლში- სამი ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი ადგილობრივი მაუწყებელია, აღნიშნული ცვლილებებით აშკარად იზღუდება უმცირესობების უფლებები და ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ენობრივი ბარიერის არსებობიდან გამომდინარე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან- წინასაარჩევნო პერიოდში რჩებიან საინფორმაციო ველს მიღმა. დღევანდელ პრესკონფერეციაზე "მრავალეროვანი საქართველოს"(PMMG) აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა ვენეციის კომისიის მიერ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების დაყოფის თაობაზე მომზადებული დასკვნის გარშემო ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ოლქების ახალი საზღვრების ირგვლივ არსებობს.

 

                        

                                                                                             

| |