"მრავალეროვანი საქართველო“ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებ

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული “გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ მიერ ქართული ცეკვის შესრულების ამსახელი ვიდეოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

Youtube-ზე რუსული სახელწოდებით გავრცელებულ ვიდეორგოლში ნაჩვენებია სომხური ცეკვის აკადემიის ერთ-ერთი საგასტროლო კონცერტის ფრაგმენტი, სადაც „დაისის“ მელოდიაზე „ცეკვა ქართული“ სრულდება. ვიდეოში არ ფიქსირდება, რომ ქართული ცეკვა სომხურ საქორწილო ცეკვადაა გამოცხადებული, როგორც ამას ვიდეოს განმთავსებელი სათაურში ამტკიცებს. სამწუხაროდ, ქართულ ინტერნეტ პორტალებსა და სოციალურ ქსელში ვიდეო არმენოფობიური პათოსით გავრცელდა. უამრავმა ადამიანმა დაწერა სიძულვილის ენის შემცველი პოსტი სომხური ეთნოსის მიმართ. გაჟღერდა სტერეოტიპული გამონათქვამებიც. არმენოფობიური ტალღა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც მსგავსი პათოსით სიუჟეტები ტელესივრცეში გამოჩნდა. ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „20:30“-ის ერთ-ერთი სიუჟეტიც სწორედ ამ თემას მიეძღვნა(22/01/2016), თუმცა ჟურნალისტს არც კი უცდია, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა და მაყურებელი რელურად არსებულ ვითარებაში გაერკვია. სიუჟეტის შინაარსი მთლიანად იმის მტკიცებას დაეთმო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვა და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ამ კუთხით. ჩვენი დაკვირვებით, შეცდომაში იქნენ შეყვანილი სიუჟეტის რესპონდენტებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოში სწორედ ქართული ცეკვა იყო ნაჩვენები. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჟურნალისტის მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დარღვევასთან, რადგან, მან სიუჟეტში გამოიყენა გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ფაქტები, რითიც, ერთგვარად ხელი შეუწყო არმენოფობიური დამოკიდებულებების გაღვივებას.

„მრავალეროვანმა საქართველომ“ მოიპოვა ვიდეოს მთავარი გმირის,სომხური ცეკვის აკადემიის ხელმძღვანელის ვართან გევორქიანის განცხადება, რომელშიც იგი ქართველებს მიმართავს და განმარტავს, რომ აღნიშული ვიდეო, სახელწოდებით „სომხური საქორწილო ცეკვა“ არც მისი და არც მისი ანსამბლის წევრების გამოქვეყნებული არ არის. გევორქიანი ასევე განმარტავს, რომ მისი ცეკვის აკადემია სხვადასხვა ნაციონალურ ცეკვებს ასრულებს და მათ შორის, პოპულარიზაციას უწევს ქართულ ცეკვებსაც.

„მრავალეროვანი საქართველო“ კატეგორიულად ემიჯნება მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, თუმცა მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელეკომპანია GDS-ს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გაშუქებისაგან, მითუმეტეს, თუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს სიძულვილის ენის გამოყენებასა და არმენოფობიური დამოკიდებულებების გამძაფრებას. ასევე მოვუწოდებთ გადაცემა „20:30“-ს განმარტოს და დააზუსტოს ფაქტები, რომლებიც აღნიშნულ სიუჟეტში არასწორი კონტექსტით იყო ნაჩვენები და მაყურებელს შესთავაზოს ვართან გევორქიანის განმარტებითი პოზიციაც.

http://kutaisitoday.com/20043-2/

| |