შეხვედრა ლიბიელ ახალგაზრდებთან

დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ლიბიელი ახალგაზრდები საქართველში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა IRI -ის ლიბიის ოფისის ორგანიზებით მოეწყო და მიზნად ისახვადა ლიბიაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის,  საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაში მონაწილე ლიბიელები დაინტერესებულები იყვნენ ახალგაზრდების როლით პოლიტიკაში და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკით საქართველოში. ლიბიელ ახალგაზრდებს საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“-ს თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა მიაწოდეს. „ჩვენ უკვე 16 წელია ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდაზე საქართველოში. მთავარ შეცდომას, რომელსაც ამ ინტეგრაციის პროცესში უშვებს ქართული საზოგადოება არის ის, რომ მუშაობა მხოლოდ უმცირესობებთან ხდება, თუმცა არავინ ფიქრობს იმაზე, რომ მთავარი სამუშაო სწორედ უმრავლესობის წარმომადგენლებთანაა ჩასატარებელი. ჩვენ არამხოლოდ უმცირესობებს უნდა ვესაუბროთ ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, არამედ უმრავლესობასაც“.- აღნიშნა თავის გამოსვლაში „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, არნოლდ სტეფანიანმა.

 გამომსვლელებს შორის იყო ირაკლი მელაშვილიც, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელმაც ყურადღება არასამთავრობო სექტორისა და მთავრობის კოორდინირებულად მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

| |