არნოლდ სტეფანიანის მოსაზრება "ნატო"-ს - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (North Atlantic Treaty Organisation, NATO) შესახებ:

რატომ ნატო?

როდესაც არჩევანს აკეთებ, მნიშვნელოვანია იცოდე, რას ირჩევ. ნატო ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის პირველ რიგში ჩანს, როგორც მშვიდობიანი და ძლიერი ოჯახი, სადაც ყველა წევრი, რომელიც სრულად დამოუკიდებელია, თანაბრად პასუხისმგებელია ერთმანეთის უსაფრთხოებასა და მშვიდობიან განვითარებაზე. ნატოს წევრობა ჩემთვის, მარტივად რომ ვთქვა, „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ პრინციპს გულისხმობს.

რატომ ნატო? საქართველოს ტიპის სახელმწიფოსთვის, რომელსაც როგორც წარსული ისტორიული გამოცდილების, ისე თანამედროვე მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხი, მისი ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფოს ანექსიური პოლიტიკიდან გამომდინარე, უმთავრეს გამოწვევად უდგას, სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტია ყველაზე მნიშვნელოვანია. ნატო – დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კავშირი, ის ოჯახია, სადაც საქართველო სრულ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და ამავე დროს იქნება დაცული გარეშე აგრესიისგან. ამ შემთხვევაში, ნატო საქართველოსთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის გარანტია, რამდენადაც დაცულობის გარეშე შეუძლებელია საქართველომ აღნიშნული ღირებულებებისა და ინსტიტუტების სწორად განვითარება შეძლოს. ამიტომ ვირჩევ ნატოს.

http://acge.ge/

| |