არნოლდ სტეფანიანი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაყენების პრეცედენტი. ინტერვიუ გაზეთ "რეზონანსში".

არნოლდ სტეფანიანი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაყენების პრეცედენტი.
ინტერვიუ გაზეთ "რეზონანსში".

 

არნოლდ სტეფანიანი: "პოლიტიკოსების მხრიდან მუდმივად ვაწყდებით ქსენოფობიურ დამოკიდებულებას"

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ დღემდე უამრავი პრობლემა აწუხებთ, რაც ძირითადად უფლებების დაუცველობაში გამოიხატება.
1) რამდენად დაცულია საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებები?
_ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია უფლებების დარღვევის კუთხით. ვიტყოდი, რომ პირველ რიგში მათი მთავარი უფლება - სახელმწიფოს ცხოვრებაში სრულყოფილი ჩართულობის შესაძლებლობა თითქმის უგულებელყოფილია. ამას ბუნებრივია, თავისი მიზეზები აქვს და ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ენის არცოდნაა. ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა მაგალითად, 1 + 4, დადებითად აისახება არაქართულენოვან ახალგაზრდებში ქართული ენის ცოდნის გავრცელებაზე. თუმცა, ეს არასაკმარისია, რადგან მთავარი - მოტივაცია არ იქმნება. საჯარო სამსახურებში ეროვნული უმცირესობების ჩართულობის წილი ძალიან დაბალია, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი სახელმწიფოს მხრიდან მრავალრიცხოვანი სათვისტომოებისადმი უნდობლობაა. და ეს უკუშედეგს - ასევე უნდობლობას იწვევს. ძალიან რთულია დღეს ახალქალაქელი ან გარდაბნელი ახალგაზრდა ქართულ სასწავლებელში ჩაბარების მიზანშეწონილობაში დაარწმუნო, რადგან მას შემდგომი დასაქმებისა და კარიერული წინსვლის პერპექტივა თითქმის არ აქვს. ბევრს ურჩევნია განათლება ისევ სომხეთში, რუსეთში ან აზერბაიჯანში მიიღოს ან საერთოდ უარი თქვას მასზე. ამ პირობებში გაუცხოება არათუ მცირდება, არამედ მინიმუმ უცვლელი რჩება, მით უფრო, რომ ენის არ ცოდნის გამო საინფორმაციო ვაკუუმი იქმნება და ეს ადამიანები ვერ ახერხებენ სახელმწიფო ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვას. სწორედ გაუცხოება და საინფორმაციო ვაკუუმია ყველა ფობიის წინაპირობა.
შედეგად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა პოლიტიკური პირებისა თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მხრიდან ქსენოფობიური გამონათქვამები. ეს პრაქტიკა რამდენიმე ათეული წელია მუშაობს და ზუსტად ეს ნეგატიური ფონი გამოიყენა რუსეთმა 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენს მოძმე ერებთან - აფხაზებსა და ოსებთან და კომპლიქტამდე მიგვიყვანა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ჭკუა ჯერაც ვერ ისწავლა. მიმდინარე თვეში გახსოვთ ალბათ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც სომხური ეროვნება დამამცირებელ კონტექსტში ახსენა. შემდეგ იყო ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გავრცელებული არმენოფობიური განცხადება. მუდმივად ვაწყდებით თურქოფობიურ და ისლამოფობიურ დამოკიდებულებებს. მაგალითად, ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის ამჟამინდელმა ვიცე სპიკერმა მურმან დუმბაძემ 2012 წელს თავისი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ფონზე ააგო. მის დანაპირებებს მთავარ ხაზად აზიზეის მეჩეთის არ აშენება გასდევდა. ასეთი კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი.
2) თქვენც ახსენეთ ხულოს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული არმენოფობიური განცხადება და თამაზ მეჭიაურის ამავე ხასიათის გამოსვლა. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ აღნიშნულ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებდით. კონკრეტულად რას გულისხმობდით?
_ დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ კანონი ავალდებულებს ყველა დაწესებულებას, სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს. სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს შესაბამისი რეაგირება მოახდინოს თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. ასევე, იმავე თხოვნით მივმართეთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო საჯარო დაწესებულებები კანონის დაცვის მაგალითს უნდა აძლევდნენ საზოგადოებას, არათუ თავად ხდებოდნენ კანონდამრღვევები. ამდენად, ჩვენ აუცილებლად ვადევნებთ თვალყურს, რა ღონისძიებებს მიმართავს ორივე უწყება აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კომუნიკაცია შედგა ჩემსა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის და შევთანხმდით, რომ შევხვდებით და აღნიშნულ საკითხებზე ვისაუბრებთ. ამ და სხვა საკითხებზეც, რომლებიც ხელს შეუწყობს სიძულვილის ენის აღმოფხვრასა და ტოლერანტობის ტრადიციების გამყარებას მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია, შეიქმნას ანტიდკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაყენების პრეცედენტი.
3) თქვენი აზრით რა არის მიზეზი პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებისათვის ცობილი სახეების მხრიდან ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გაკეთებისა და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
_ მიზეზებზე მგონი ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. ეს თემა ძალიან ვრცელი და კომპლექსურია. თუმცა, ერთ რამეს აღვნიშნავ - სამწუხარო ის არის, რომ იმ ყინულს, რომელიც საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს შორის არსებობს, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თუ სუბიექტები საკუთარი მიზნებისთვის მუდმივად იყენებდნენ და ეს პრაქტიკა ახლაც გრძელდება. ეს განსაკუთრებულად წინასაარჩევნო პერიოდში ჩანს ხოლმე. რამდენადაც პრობლემა კომპლექსურია, ასეთივე მიდგომაა საჭირო მის აღმოსაფხვრელად. ამდენად, ამ ფორმატში აღნიშნულ საკითხზე ვრცლად საუბარი შეუძლებელია.
ერთს ვიტყვი - პოლიტიკური კულტურისა და ტოლერანტობის კულტურის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია და აქ გადამწყვეტი როლი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიას. რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკოსებს და მათში გავრცელებულ სიძულვილის ენის პრაქტიკას, ეს ყველაფერი მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს. მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მახინჯი პრაქტიკის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. ეს იმ შემთხვევაში თუ მათი ზნეობრივი თვითშეგნება განვითარებას არ ექვემდებარება.
4) რამდენად გვაქვს პროგრესი უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში?
_ პროგრესი რა თქმა უნდა გვაქვს, თუმცა, ეს უფრო საკანონმდებლო დონეზე, მაგალითად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი. თუმცა, რამდენად ხდება ამის პრაქტიკაში განხორციელება, სხვა თემაა. ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა და ამის გამოსწორების გზები, რამდენადაც ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი და მათგან საქართველოში ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი - აზერბაიჯანული და სომხური, ასევე რელიგიურ-კომფესიურ უმცირესობებსაც წარმოადგენენ. სახელმწიფომ დღემდე არ უზრუნველყო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინცინდენტების სრულყოფილი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. უმცირესობების უფლებების დარღვევის დროს საზოგადოების ძირითადი ნაწილი გულგრილია, ეს ჯგუფები საქართველოში ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას და შესაბამისად, როცა ამ მხარდაჭერას უკვე აღარ ელიან, პრობლემების დროს დუმილს ამჯობინებენ. ეს სერიოზული ბარიერია ევროპისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც საქართველო ადგას. ეს ასევე სერიოზული გამოწვევაა უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც, რადგან საზოგადოებაში მუდმივად არსებობს გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, რომელთათვისაც საკუთარი უფლებებით სარგებლობა პრობლემას წარმოადგენს. რისკი იმისა, რომ გარე ძალებმა ასეთი ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, მაღალია.
5) ფიქრობთ თუ არა, რომ საზოგადოებაში შეიცვალა დამოკიდებულება ეროვნული უმცირესობების მიმართ და იგი უფრო ტოლერანტული გახდა?
_ ტოლერანტობის შეცვლაზე რა მოგახსენოთ, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ იმ ძალისხმევას, რომელსაც საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი, პოლიტიკური სპექტრის რიგი წარმომადგენლები არ იშურებენ, დადებითი შედეგი ექნება. ასევე, ამ საქმეში დიდი იმედი მაქვს რელევანტური სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო საზოგადოების.

http://www.resonancedaily.com

| |