„მრავალეროვანი საქართველო“ პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირებას ითხოვს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" (PMMG) პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს განცხადებით მიმართავს. საქმე ეხება მიმდინარე თვის დასაწყისში პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, ქსენოფობიური და სომხური ეთნიკური იდენტობისთვის დამამცირებელ კონტექსტში იყო წარმოჩენილი.

PMMG მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ამდენად, ოფიციალური განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ფარგლებში (მუხლი #4 - ა, ბ, გ.) შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, PMMG ასევე ოფიციალური განცხადებით მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმავე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატაროს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე გამოქვეყნდა  ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ".

როგორც PMMG-ში აცხადებენ, დოკუმენტში  სომხური ეთნიკური იდენტობა   ნეგატიურ და დამამცირებელ კონტექსტში იყო მოხსენიებული და ასევე, გამოყენებული იყო სიძულვილის ენა, - "თუმცა იმის ჭკუა კი აქვს  სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს, უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაში ასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. "ნავთლუღის ოპერაციის" საქმეს,  სადაც სამი ჩვენი თანარაიონელი სრულიად უდანაშაულოდ ჩახოცვას რომელი ერთი ჩამოვთვალო!" - ნათქვამი იყო ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებაში.

აგრეთვე, მიმდინარე წლის 7 სექტემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში სომხური ეროვნება და ასევე, ჰომოსექსუალობა დამამცირებელ და ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, - "დავით ზურაბიშვილმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, თავის განცხადებაში "პიდარასტებთან" ერთად, სიტყვა "სომეხიც" ახსენა. უკაცრავად, მაგრამ ესენი ისე იქცევიან, ნებისმიერი სომეხი უკეთესია, დავით ზურაბიშვილი რომელიმე სომეხს სჯობს? ან რა შუაშია აქ სომეხი? სხვათა შორის, მე მგონი, "პიდარასტებშიც" არიან მაგაზე ღირსეულები", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელებზე შესაბამისი განცხადებები PMMG-მ გუშინ გაგზავნა და რეაგირებას ითხოვს. 

http://gurianews.com

| |